English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეიმურაზ ბერიძე
ეკონომიკაში გარდამავალი პერიოდის საკითხისათვის

სტატიაში განხილულია გარდამავალი ეკონომიკის თეორიისა და მეთოდოლოგიის აქტუალური საკითხები, გამოკვეთილია გარდამავალი ეკონომიკის თეორიისა და შესაბამისი ინდიკატორების შემუშავების აუცილებლობა. ანალიზში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარდამავალ პერიოდში საკუთრებისა და მართვის საკითხებს და ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის შედეგების მნიშვნელობას.

აღნიშნული საკითხის თეორიულ საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ეკონომიკური სამეცნიერო დისციპლინა - ტრანზიტოლოგია (“Transitology”), რომლის განხილვის თემასაც ეკონომიკური ტრანსფორმაციის პრობლემა წარმოადგენს, ობიექტს კი - გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებიც ერთი სოციალურ-ეკონომიკური სისტემიდან თვისებრივად სხვა მდგომარეობაში გადაინაცვლებენ.

სტატიაში განხილულია გარდამავალი ეკონომიკის ფენომენის შესწავლის მეთოდოლოგიური მიდგომების საკითხი, რაც მოიცავს  ისეთ მახასიათებლებს, როგორებცაა: ა) კომპლექსურობა, რაც არსებითია გარდამავალი ეკონომიკის შესწავლის ერთიანი სისტემისთვის; ბ) გარდამავალი ეკონომიკის შინაარსობრივი მხარე და მისი სტრუქტურა; გ) გარდამავალი პერიოდის რაოდენობრივი მხარე; დ) აღნიშნული პროცესების საბოლოო შედეგები.

გარდამავალ ქვეყნების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვა.  გარდამავალ პერიოდში თითქმის ყველა ქვეყანაში დემოკრატია მიჩნეულია, როგორც საზოგადოებისა და ქვეყნის მართვის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, მაგრამ ფაქტია, სამწუხაროდ,რომ გარდამავალი ქვეყნების უმეტესობაში არის ფორმალური დემოკრატია. ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებიდანვე აუცილებელია საზოგადოების ტრადიციებისა და მენტალიტეტის გათვალისწინება.

სტატიაში განხილულია ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა: უმუშევრობის დონე ქვეყანაში, სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობა, ფულადი შემოსავლების დონე, სიღარიბის მაჩვენებელი (საარსებო მინიმუმი), განათლების დონე და სხვა.  ამასთან, მოყვანილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაზე დაფუძნებული საქართველოს მშპ-ს პროცენტული მაჩვენებლები ბოლო ათი წლის განმავლობაში, აგრეთვე, მშპ-ს წილი ეკონომიკის სექტორების მიხედვით, უმუშევრობის დონე. გარდა ამისა, სტატიაში მოყვანილია გაეროს სტატისტიკის სამსახურის მიერ დამუშავებული 2009-2019 წლის ანგარიშიდან გარდამავლი ეკონომიკის ქვეყნების მშპ-ის პროცენტული მაჩვენებლები  .

ადეკვატური ანალიზით სტატიაში პასუხი გაცემულია კითხვაზე - რა უნდა მიგვეღო გარდამავალი ეკონომიკის შედეგად და რა მივიღეთ დღეისათვის. აღნიშნულია, რომ არ არსებობს მუდმივად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის ეკონომიკა), უპირველეს ყოვლისა, მისი ციკლური ბუნების გამო. ამას ემატება გარდამავალ პროცესებთან დაკავშირებული  სირთულეების ობიექტური გარემოებები: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა. დღეს საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირებაში ძირითად როლს ბუნებრივი ფაქტორები ასრულებს, თუმცა ჩვენი მიზანია მივიღოთ საზოგადოების ტიპი, რომლის ამოცანა იქნება თავისივე განვლილი ისტორიული გზის გავლენის გათვალისწინება და ამასთან, თანამედროვე ინდუსტრიული ქვეყნების მთავარი ეკონომიკური გამოწვევების მიღება და გადალახვა.

საკვანძო სიტყვები: ტრანზიტოლოგია; გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა; „ვაშინგტონის კონსენსუსი“; საკუთრება; საკუთრების უფლება; პოსტ-ინდუსტრიული განვითარება.